“მეუფე პეტრემ როგორც უნდა აგვიხსნას, ფაქტია, მან განაცხადა, რომ სურვილი აქვს, ილია II ქვეყნის ბოლო პატრიარქი იყოს. ეს კი ორ ერთმანეთზე უარეს ინფორმაციას გულისხმობს: მეუფე პეტრემ ან მეორედ მოსვლა გამოაცხადა, ან ქართული ეკლესიის დაშლა და ავტოკეფალიის დაკარგვა დააანონსა. ან მესამე ვარიანტია – უბრალოდ, წამოსცდა ემოციურ ფონზე. არ გამოვრიცხავ, რომ საპატრიარქოსა და სრულიად მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ დაგეგმილი მთელი ეს პროცესი ერთ მიზანს ემსახურებოდეს – საქართველოს ავტოკეფალიის დაკარგვას”, – აცხადებს საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ანდრიაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “მეუფე პეტრემ ან მეორედ მოსვლა გამოაცხადა, ან ავტოკეფალიის დაკარგვა”.
“ამის სურვილი კი უამრავ გარე ძალას აქვს და ამ შემთხვევაში მხოლოდ რუსეთს არ ვგულისხმობ. ქართული ეკლესიის დისკრედიტაციის მომხრე არაერთი ძალა არსებობს. მათ ინტერესებში ავტოკეფალიის გაუქმებაც შედის. თუ ეკლესიაში ქაოსი გაგრძელდა, სხვა ქვეყნის ეკლესიები შიდა საქმეებში ჩარევას აუცილებლად შეეცდებიან, მით უმეტეს, თუ ასეთ ვითარებაში ძლიერი პატრიარქი არ გვეყოლება, პროცესი დიდი ალბათობით, ფატალურად დასრულდება. მაგალითად, იგივე სცენარი შეიძლება განმეორდეს, რაც აფხაზეთსა და ცხინვალში მოხდა, როდესაც რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებში ე.წ. სამშვიდობო მისიით შევიდა”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი ანდრიაძე.
“მიზანი გარკვეულწილად მიღწეულია – საქართველოს საპატრიარქოს სახელი სერიოზული დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. დიახ, ეს, შესაძლოა, პროექტის შემადგენელი ნაწილია, რომელსაც კიდევ უფრო შორს მიმავალი მიზნები აქვს. უფრო კონკრეტულად: თუ ისე მოხდა, რომ საპატრიარქოში მოვლენები უფრო გამწვავდა, სხვადასხვა ეპარქიამ, შესაძლოა, სხვადასხვა ჯგუფის ძიება დაიწყოს მხარდაჭერისთვის. პარალელურად, აფხაზეთის თვითმარქვია ეკლესია თავს დამოუკიდებლად მიიჩნევს და, შესაძლოა, მანაც სცადოს საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე თანამოაზრეების ძიება”, განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვაზე – “შესაძლოა, ყველა ეპარქიამ დამოუკიდებელ ინსტიტუტად გამოაცხადოს თავი?” – პასუხობს:
“შესაძლებელია. სწორედ ამიტომ იყო მეუფე პეტრეს განცხადება შემაშფოთებელი გზავნილი როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. დღეს ვის თავში რა ტიპის გეგმა იხარშება, ძნელი სათქმელია. სწორედ ამიტომ ხშირად მიწევს თქმა – მძიმე განსაცდელში ვართ, რთული პერიოდი გვიდგას და ნებისმიერმა მოქალაქემ, და მით უმეტეს, სასულიერო პირმა, განცხადება მეტი სიფრთხილით უნდა გაახმოვანოს”.
“წმინდა სინოდზე განსახილველი საკითხები ჯერ მხოლოდ წმინდა სინოდის წევრებისთვის და პატრიარქისთვისაა ცნობილი, თუმცა ყველას გვაქვს მოლოდინი, რომ წმინდა სინოდი აუცილებლად იმსჯელებს ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე. მეუფე პეტრეს განცხადებებმა საპატრიარქოში გაურკვევლობა და დაპირისპირება გამოიწვია. ვერავინ იტყვის, მიიღებს თუ არა წმინდა სინოდი მკაცრ გადაწყვეტილებას, მათ შორის, მეუფე პეტრეს თაობაზე. მათ შორის, ეკლესიიდან განკვეთასაც გულისხმობ, თუმცა პატრიარქის შემწყნარებელი ბუნებიდან გამომდინარე, არავინ იცის, რა მოხდება. ნებისმიერ შემთხვევაში, მოვლენები რა სცენარითაც უნდა განვითარდეს, ის საბოლოოდ, აუცილებლად გამოიღებს კეთილ ნაყოფს. მთელ ამ ქაოსს დადებითი მხარეც აქვს – ყველა თავის ადგილს თავად იპოვის.