ფულის გათეთრების ბრალდებით, ბუდაპეშტში, ინკასაციის მანქანებისა და უკრაინული სახელმწიფო ბანკის 7 თანამშრომელი დააკავეს. დაკავებულებს შორის არის უკრაინის სპეცსამსახურების ყოფილი გენერალი, რომელიც ტვირთის გადაზიდვას მართავდა. ინკასაციის ორი ჯავშან-მანქანით, უნგრეთის გავლით, ავსტრიიდან უკრაინაში 40 მილიონი დოლარის, 35 მილიონი ევროსა და 9 კგ ოქროს ტრანსპორტირებას ახდენდნენ. უნგრეთის საგადასახადო ორგანომ ფულის გათეთრების მუხლით გამოძიება დაიწყო, აღნიშნული პირები კი უნგრეთიდან გააძევეს.
კიდევ უფრო საგანგაშოა ის ფაქტი, რომ გავრცელებული ინფორმაციით, იანვრიდან მოყოლებული, უნგრეთის გავლით, უკრაინის მიმართულებით 900 მილიონ დოლარსა და 420 მილიონ ევროზე მეტი, ასევე 146 კგ ოქროა გადატანილი. ნაღდი ფულითა და ოქროთი სავსე ტექნიკის გადაადგილება უნგრეთის ტერიტორიაზე არ არის ის გზა, რომლითაც ჩვეულებრივი, ლეგიტიმური ფინანსური ტრანზაქციები ხორციელდება. ამიტომ, ახლა, უნგრეთის შესაბამისი სამსახურები სწავლობენ, ვინ დგას ამ ფულის უკან და რის დაფინანსებას ისახავს ის მიზნად. უნგრეთის ხელისუფლებამ, ანტიტერორისტული ცენტრის ჩართულობით, მასშტაბური გამოძიება დაიწყო.
„ჩვენ ვითხოვთ პასუხებს უკრაინის ხელისუფლებისგან! ფოტოებზე ასახულია ე.წ. „უკრაინული ოქროს კონვოის“ ოპერაცია“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ბალაშ ორბანმა.
რა თქმა უნდა, ბრალდებას უარყოფს უკრაინა და უნგრეთს უკრაინული სახელმწიფო ბანკის შვიდი თანამშრომლის გატაცებაში ადანაშაულებს, რომელთაც ფული და ოქრო გადაჰქონდათ. „ოსჩადბანკის“ ინფორმაციით, მათი ბანკის კუთვნილ საინკასაციო მანქანებში მყოფი შვიდი პირი ბუდაპეშტში, 5 მარტს დააკავეს. მათივე ცნობით, დაკავებულებს გადაჰქონდათ ვალუტა და ოქრო. ეს ხორციელდებოდა უკრაინულ სახელმწიფო ბანკსა და ავსტრიულ ბანკს შორის შეთანხმებით. ჯიპიესის სიგნალის მიხედვით, მანქანა ბუდაპეშტის ცენტრში, უნგრეთის ძალოვანი უწყების შენობასთან არის გაჩერებული.
უნგრული მედიის ცნობით კი, ქვეყნის კონტრტერორისტულმა ცენტრმა გზატკეცილზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე, უკრაინული სანომრე ნიშნებით მოძრავი ნაღდი ფულის გადამტანი მანქანები შეამოწმა. შავებში ჩაცმული ადამიანები მანქანებიდან გადმოიყვანეს და მიწაზე დააწვინეს. ამის შემდეგ, უნგრეთის კონტრტერორისტული ცენტრის კოლონა ბუდაპეშტისკენ გაემართა.
ამ სპეცოპერაციას წინ უძღოდა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მუქარა. უკრაინის პრეზიდენტი, უნგრეთისგან 90-მილიარდიანი სესხის დამტკიცებაზე თანხმობას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, იმუქრება, რომ ქვეყნის პირველი პირის მისამართს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადასცემს. ზელენსკიმ ვიქტორ ორბანს ჯერ არჩევნებში დამარცხება უსურვა, შემდეგ კი პირდაპირ დაემუქრა.
„ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირში ერთი ადამიანი 90 მილიარდიდან პირველ ტრანშს არ დაბლოკავს და უკრაინელ სამხედროებს იარაღი ექნებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ადამიანის მისამართს ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, ჩვენს ბიჭებს მივცემ. დაე, მას დაურეკონ და მისთვის გასაგებ ენაზე ესაუბრონ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მუქარამდე რამდენიმე საათით ადრე, ვიქტორ ორბანმა ღიად თქვა, რომ არანაირი შეთანხმება და ხელმოწერა არ იქნება, ვიდრე უკრაინა „დრუჟბას“ მილსადენით, რუსული ნავთობის ტრანზიტს არ განაახლებს. შანტაჟისა და მუქარის ენა რომ ოფიციალურ ბუდაპეშტთან არ ჭრის, ეს ორბანის საპასუხო განცხადებამ ცხადჰყო.
„არანაირი შეთანხმება და კომპრომისი არ იქნება. ჩვენ ძალის გამოყენებით გავარღვევთ უკრაინის ნავთობის ბლოკადას. გარწმუნებთ, რომ ამისთვის სამხედრო ძალის გამოყენება ჩვენს გეგმებში არ შედის, მაგრამ ჩვენ პოლიტიკური და ფინანსური ინსტრუმენტები გვაქვს.
არასდროს დავუჭერთ მხარს ბრიუსელის მიერ, უკრაინისთვის რაიმე ფინანსური დახმარების გაწევას, სანამ უკრაინელები ნავთობს არ გამოუშვებენ. არავის, გერმანელებსაც კი არ შეუძლიათ ჩვენგან დადებითი პასუხის მოთხოვნა. ისე ვუპასუხებთ, როგორც ჩვენს ინტერესებს შეესაბამება. მილსადენ „დრუჟბას“ ტექნიკური პრობლემები არ აქვს და მისი შეჩერების მიზეზი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. უკრაინელებმა გადაწყვიტეს, უნგრეთს შეუწყვიტონ რუსული ნავთობი, რომელიც ჩვენ გვეკუთვნის“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
უნგრეთის პრემიერამდე, საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. პიტერ სიიარტომ ზელენსკის პირდაპირ უთხრა, რომ მას არც უკრაინის შიდა საქმეებში ჩარევა და არც ქვეყნის ომში ჩართვა არ გამოუვა. ევროპული კომისია ფიქრობს, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მუქარის შემცველი განცხადებები უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მისამართით, არის მიუღებელი. ევროკომისიის წარმომადგენელი, ოლოფ გილი აცხადებს, რომ ზელენსკი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს არ უნდა ემუქრებოდეს.
„რაც შეეხება პრეზიდენტ ზელენსკის გამონათქვამს, ჩვენ, ევროპული კომისია მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ასეთი ლექსიკა მიუღებელია. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მიმართ ასეთი მუქარები არ უნდა ხდებოდეს. მსგავსი ლექსიკა სიკეთის მომტანი არ არის და ის საერთო მიზნების მიღწევას ხელს არ უწყობს“, – განაცხადა ოლოფ გილმა.
ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტს რიტორიკა სლოვაკეთის პრემიერმაც დაუწუნა და უთხრა, რომ თუ ასე გააგრძელებს, 90-მილიარდიანი სესხის გაცემას, უნგრეთთან ერთად, ევროკავშირის სხვა ქვეყნებიც დაბლოკავენ. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა უკრაინასა და უნგრეთს დიალოგის გზით გამოსავლის პოვნისკენ მოუწოდებს.
„უკრაინასა და უნგრეთს შორის მზარდ დაძაბულობას შეშფოთებით ვაკვირდებით. ვიმედოვნებთ, ფაქტები გაირკვევა და სიტუაცია დიალოგის გზით მოგვარდება“, – წერს მარგუს ცაჰკნა, სოციალურ ქსელ X-ზე.
