მცირე დასახლებებში ხალხი და მოვაჭრეები ძირითადად კვლავ ლევზე არიან მიჯაჭვულნი, ხოლო ევროთი რეალური გადახდების დაწყებას პენსიების გაცემის შემდეგ ვარაუდობენ.
ბულგარეთის ეროვნული ტელევიზია (БНТ) ევროს შემოღების პირველივე დღებიდან ამოწმებს, როგორ იკიდებს ის ფეხს მცირე დასახლებებში. გადამღები ჯგუფი ქალაქ ველიკო-ტარნოვოს მახლობლად მდებარე სოფლებს, ჰოტნიცასა და რუსალიას ესტუმრა, სადაც მოვაჭრეებიც და მომხმარებლებიც ძირითადად კვლავ ბულგარულ ლევზე არიან დამოკიდებულნი. რა არის შემაშფოთებელი და როდის დაიწყება რეალურად ევროთი გადახდა?
ახალი წელი ბულგარეთში ახალ ვალუტასთან, ევროსთან ერთად შემოვიდა. ველიკო-ტარნოვოს მახლობლად მდებარე მცირე დასახლებებში ევროზე გადასვლა ნელა და ფრთხილად მიმდინარეობს. მაღაზიებში ხალხი კვლავ ძირითადად ბულგარული ლევით იხდის, ხოლო შიში, განსაკუთრებით ხანდაზმულებში, ისევ არსებობს.
აქ წამყვანი ვალუტა კვლავ ლევია, ევრო კი უფრო საუბრის თემაა, ვიდრე გადახდის რეალური საშუალება.
BNT-ს კითხვაზე, აქვთ თუ არა ევროს მარაგი, მოქალაქეები პასუხობენ: „რაღაცები ვიყიდე, მაგრამ ევრო არც მაღაზიებში მინახავს და არც რესტორნებში. ყველგან ლევს ვთავაზობ, რადგან ევრო არ მაქვს და ისინიც ხურდას ლევში მიბრუნებენ“… „არა, ევროს მარაგი არ მაქვს, როცა დამჭირდება – გამოვიტან“… „მე ისევ ლევში ვყიდულობ. ფასების მომმატებელი არავინაა, რადგან არავინ იქნება ზედმეტის გადამხდელი“.
ბულგარეთში მცხოვრები უცხოელებისთვის, მაგალითად, ავსტრალიელი კოლინისთვის, ევროს შემოღება ბუნებრივი პროცესია, რომელშიც ბულგარეთი, როგორც ევროკავშირის თანასწორუფლებიანი წევრი, მონაწილეობს.
კოლინი, რუსალიის მცხოვრები: „რამდენადაც ადგილობრივებს ვიცნობ, ვერ ვიტყოდი, რომ ევროს შემოღებამ მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ბულგარელები ნამდვილი პატრიოტები არიან – ლევი და წარსული არის ის, რისგანაც გამიჯვნა მათ ძალიან გაუჭირდებათ“.
კოლინი, რუსალიის მცხოვრები: „რამდენადაც ადგილობრივებს ვიცნობ, ვერ ვიტყოდი, რომ ევროს შემოღებამ მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ბულგარელები ნამდვილი პატრიოტები არიან – ლევი და წარსული არის ის, რისგანაც გამიჯვნა მათ ძალიან გაუჭირდებათ“.
ტიხომირ ტოდოროვი – მაღაზიის მფლობელი სოფელ ჰოტნიცაში: „ვღელავდი, როგორ მოვიქცეოდი ხურდის ევროში დაბრუნებისას. ხალხი მოდის პროდუქტების შესაძენად და მეუბნება: „აბა, ახლა როგორ უნდა გადავიხადო?“. მე ვპასუხობ – „გადამიხადეთ ევროში, მაგრამ ამ მომენტში არ მაქვს იმდენი ევრო, რომ გადავახურდავო“. დიდი სტრესია, ძალიან დიდი სტრესი და ვნერვიულობთ“.
ტიხომირი ელოდება, რომ ევროთი გადახდა, რეალურად, პენსიების გაცემასთან ერთად დაიწყება, როდესაც ხანდაზმულები ახალ ვალუტას მიიღებენ.
ტიხომირ ტედოროვი: „მალე, 7 იანვარს, ისინი პენსიებს ევროში მიიღებენ. მაშინ ბორბალი ამოძრავდება, რადგან უფრო მეტ მოხუცს ექნება ევრო ჯიბეში.”
სოფელ რუსალიაში განსხვავებული სიტუაციაა. ევროზე გადასვლისთვის მზადება იქ ჯერ კიდევ ზაფხულში, პროგრამული უზრუნველყოფის შეცვლით და საწყისი პაკეტების გამოთხოვით დაიწყო.
ტოდორ კოლევი – მაღაზიის მფლობელი რუსალიაში: „ჯერ ახალი ტექნიკა, ორი მონიტორი ვიყიდე, რათა მომხმარებლებისთვის მოსახერხებელი ყოფილიყო და დარწმუნებულიყვნენ, რომ რასაც იხდიან და რასაც უბრუნებენ, სწორია. ამის შემდეგ, ჯერ კიდევ სექტემბერში ან ოქტომბერში, ევრო მონეტების საწყისი პაკეტების მისაღებად დავრეგისტრირდით. ჩვენ პატარა მაღაზია გვაქვს და დიდი თანხები არ გვჭირდება. ორი პაკეტი, 111 ევრო ხურდა ფულით და 300 ევრო ბანკნოტებში, საკმარისია“.
ევროს გაშვების პირველ დღეებში, მოვაჭრეებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირთულე იყო ხურდის დაბრუნება. ხშირად, ადამიანები დაბალფასიან საქონელს ყიდულობდნენ ლევის დიდი ნომინალის ბანკნოტებით, არა აუცილებლობის გამო, არამედ იმისთვის, რომ ხურდა ევროში მიეღოთ.
ამიტომ, პატარა მაღაზიები ევრო ბანკნოტებისა და მონეტების გარეშე მალევე დარჩნენ.
ტოდორ კოლევი: „2026 წელს, ევროს დანერგვის დასაწყისშივე, როგორც აღმოჩნდა, ადამიანების უმეტესობა დაბალფასიან საქონელს ლევის ბანკნოტებით ყიდულობდა. მაგალითად, მოდიოდნენ 100-ლევიანით და ყიდულობდნენ ერთ პურს, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენგან ხურდა მთლიანად ევროს ბანკნოტით მიეღოთ“.
მოვაჭრეები მოელიან, რომ ეს პრობლემა მომდევნო რამდენიმე დღეში გადაიჭრება, როდესაც ევრო ადამიანების საფულეებში რეალურად გაჩნდება.
https://bntnews.bg/news/evroto-vliza-predpazlivo-v-balgarskite-sela-1372366news.html

