XX საუკუნის 90-იანი წლები ყირიმში პოლიტიკური და სოციალური ცვლილებების პერიოდი იყო – სწორედ ამ დროს დაიშალა საბჭოთა კავშირი, გაჩაღდა ნახევარკუნძულის სტატუსისთვის ბრძოლა, მოხდა დეპორტირებული ყირიმელი თათრების დაბრუნება და დაიწყო შავი ზღვის ფლოტის გამო დაპირისპირება.
უკრაინის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა (Suspilne Crimea) არქივები შეისწავლა და გასული საუკუნის 90-იან წლებში ყირიმში მომხდარი საკვანძო მოვლენების ამსახველი კადრები შეაგროვა.
1991 წელი – საბჭოთა კავშირის დაშლა
1 დეკემბერს, ყირიმელებმა, დანარჩენ ქვეყანასთან ერთად, საყოველთაო რეფერენდუმში მიიღეს მონაწილეობა. ნახევარკუნძულის მცხოვრებთა 54 პროცენტზე მეტმა უკრაინის დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი. ამით ყირიმი, იურიდიულად, უკრაინის ნაწილი გახდა.

დეპორტირებული ყირიმელი თათრების დაბრუნება
XX საუკუნის 90-იან წლებში, ყირიმელი თათრები დეპორტაციიდან მასობრივად დაბრუნდნენ სახლებში. თუმცა, ნახევარკუნძულზე სირთულეები დახვდათ: მათ სახლებში ათწლეულების განმავლობაში სხვა ხალხი ცხოვრობდა, ყირიმში ბინადრობის ნებართვის გარეშე სამსახურის შოვნა შეუძლებელი იყო, ადგილობრივი ხელისუფლება კი ამ ნებართვის გარეშე სახლების აშენების ან მიწის მიღების უფლებას არ იძლეოდა.
ამიტომ, ყირიმელმა თათრებმა მიწის ნაკვეთების უნებართვოდ დაკავება და მათზე დროებითი საცხოვრებლების აშენება დაიწყეს, თვითნებურად დაკავებულ ტერიტორიებზე აშენებული სახლების დანგრევის შემდეგ კი მათ მასობრივი საპროტესტო აქციები გამართეს.
მთელი 90-იანების განმავლობაში, ისინი თავიანთ უფლებებს აქციებზე იცავდნენ და საბჭოთა ხელისუფლების დანაშაულს – 1944 წელს ყირიმიდან მათი ეთნოსის გასახლებას – ყოველთვის წინა პლანზე აყენებდნენ.

Image can not be shown due to copy rights restrictions.
შავი ზღვის ფლოტის გაყოფა

1992 წელს დაიწყო მოლაპარაკებები შავი ზღვის ფლოტის გაყოფაზე, რომელიც იმ დროისთვის ერთ-ერთი უდიდესი იყო ევროპაში. ეს პროცესი თითქმის ექვს წელს გაგრძელდა. საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტში, ფლოტი ასი ათასამდე სამხედრო მოსამსახურესა და სხვადასხვა კლასის რვაასზე მეტ ხომალდს ითვლიდა.
ტერიტორიული კუთვნილების პრინციპის მიხედვით, ფლოტი უკრაინის კონტროლის ქვეშ უნდა გადასულიყო. თუმცა, ოფიცრების ნაწილმა, მოსკოვის მხარდაჭერით, უკრაინის მთავრობის წინააღმდეგ ამბოხი მოაწყო.
პრეზიდენტების, კრავჩუკისა და ელცინის შეხვედრის დროს გადაწყდა, რომ ფლოტი შუაზე გაეყოთ. თუმცა, 1995 წლის 9 ივნისს, კუჩმამ და ელცინმა ფლოტის სხვაგვარად გაყოფა გადაწყვიტეს – გაზის ვალის გამო, უკრაინას გემების მხოლოდ 18.3% ერგო, მოსკოვს კი – 81.7%.

1997 წელს შავი ზღვის ფლოტის გაყოფის მესამე ეტაპი დაიწყო. უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებს, ძირითადად, გაუმართავ მდგომარეობაში მყოფი გემები და აღჭურვილობა გადაეცა. სამხედრო გემების უმეტესობა მწყობრიდან იყო გამოსული და რუსული მხარეს მათ გასხვისებაზე პრეტენზია არ გამოუთქვამს. იმავე წელს, კიევი და მოსკოვი სევასტოპოლში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ყოფნის პირობებზე შეთანხმდნენ. ამით, ყირიმში რუსული ფლოტის ოცწლიანი ვადით დარჩენის უფლება დაკანონდა.
ბირთვულ იარაღზე უარი თქმა
ბირთვულ იარაღზე უარის თქმა 1993 წელს უკრაინამ და რუსეთმა იალტის გარეუბანში მასანდრას შეთანხმებას მოაწერეს ხელი. სწორედ ამ ხელშეკრულებაში დააფიქსირა დოკუმენტურად უკრაინამ ბირთვულ იარაღზე უარის თქმა, რუსეთისგან უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ.
სეპარატიზმი ყირიმში
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთმა ყირიმში სეპარატისტული განწყობა გააწვია. ამ პერიოდში ნახევარკუნძულზე გაძლიერდა პრორუსული რიტორიკა, გაჟღერდა ორმაგი მოქალაქეობისა და განსაკუთრებული ავტონომი
ყირიმის პოლიტიკურ არენაზე გამოჩნდა პრორუსი ფიგურა – იური მეშკოვი, რომელმაც „რესპუბლიკური პარტია“ დააარსა. 1992 წელს მისი პარტიის ორმა საინიციატივო ჯგუფმა შეაგროვა ხელმოწერები რეფერენდუმისთვის, რომელიც უკრაინისგან ყირიმის გამოყოფას ითვალისწინებდა.

იმავე წელს, ყირიმის პარლამენტმა საკუთარი კონსტიტუცია მიიღო. ამ დოკუმენტით, ყირიმი გამოცხადდა სახელმწიფოდ, რომელსაც საკუთარი მთავრობა და პრეზიდენტი უნდა ჰყოლოდა, რაც უკრაინის კანონმდებლობას ეწინააღმდეგებოდა. 1994 წლის იანვარში ყირიმის რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნები დაინიშნა. მის მეორე ტურში მეშკოვმა გაიმარჯვა. მან რუსეთთან დაახლოების კურსი გამოაცხადა, ასევე სცადა რუბლის შემოღება და საკუთარი საგარეო პოლიტიკის გატარება.
მეშკოვი დაკავშირებული იყო კრიმინალურ კლანებთან, მათ შორის ახლად შექმნილ „ქრისტიან-ლიბერალურ პარტიასთან“, რომელსაც კრიმინალური ავტორიტეტი, ევგენი პოდანევი ხელმძღვანელობდა.
90-იანების შუა ხანებში ყირიმს კრიმინალური ძალადობის ტალღამ გადაუარა: რამდენიმე წელიწადში შვიდ ათეულზე მეტი შეკვეთილი მკვლელობა მოხდა, რომელთაგან ერთიც კი არ გახსნილა. პოდანევი სხვა კრიმინალური ავტორიტეტის ქელეხში მოკლეს. მისი მემკვიდრე, რულოვი, „ბანდიტურ ტახტზე“ მხოლოდ ერთი კვირა იჯდა. პარტიის ახლად არჩეულ ლიდერს, კორჩელავს კი არჩევის დღესვე ესროლეს თავში – მისი სიკვდილის შემდეგ პარტიამ არსებობა შეწყვიტა.
გაპრეზიდენტებიდან ექვსი თვის თავზე, იური მეშკოვმა ნახევარკუნძულზე ძალაუფლების ხელში ჩაგდება სცადა. საპასუხოდ, კიევმა დაიწყო ოპერაცია „უკრაინის ფარი“ – უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის „ალფა“ ჯგუფის შეიარაღებულმა ოფიცრებმა ყირიმში უსაფრთხოების სამსახურის ოფისზე კონტროლი დაამყარეს და შენობას სამი თვის განმავლობაში ინარჩუნებდნენ.
„ჩვენ რომ უსაფრთხოების სამსახურის შენობა, პირდაპირი გაგებით, არ აგვეღო, მეშკოვი იქ თავის კაცს დანიშნავდა და უსაფრთხოების ახალი სამსახურის ფორმირებას დაიწყებდა. მაგრამ კრიტიკულ მომენტში კიევმა აჩვენა, რომ კბილების გამოჩენა შეეძლო“, – განმარტა ამ უწყების პირველმა ხელმძღვანელმა, ევგენი მარჩუკმა.
„ალფას“ ოპერაციამ ხელი შეუწყო მეშკოვის გეგმების ჩაშლას და ხელისუფლებიდან მის ჩამოშორებას. ამ მოვლენების შემდეგ, ის მოსკოვში გაიქცა. 1995 წელს უკრაინის უმაღლესმა რადამ უკანონოდ მიღებული ყირიმის კონსტიტუცია გააუქმა. 1996 წელს კი, უკრაინის კონსტიტუციის მიღებით, ყირიმის ოფიციალური სტატუსი განისაზღვრა და ნახევარკუნძული უკრაინის შემადგენლობაში შემავალ ავტონომიურ რესპუბლიკად გამოცხადდა.
