365 დღის წინ, რობერტ ფრენსის პრევოსტი რომის პაპი ლეო XIV გახდა. პირველმა ამერიკელმა პაპმა, თავისი პონტიფიკოსობის პირველივე წელს, ყველას აჩვენა, როგორ შეიძლება მსოფლიო პოლიტიკის დიდ ხმაურში მშვიდი და გონივრული ხმა მკაფიოდ ისმოდეს.
2025 წლის 8 მაისის ნაშუადღევია. უკვე დღენახევარია, კარდინალები კონკლავზე იმყოფებიან, რათა აღდგომას გარდაცვლილი პაპი ფრანცისკეს მემკვიდრე აირჩიონ. მათ ეს შეძლეს – საღამოს 18:07 საათზე, სიქსტეს კაპელის საკვამურიდან თეთრი კვამლი ამოვიდა.
ავგუსტინელი ბერი ჩიკაგოდან, რობერტ ფრენსის პრევოსტი პირველი ამერიკელია, ვინც პონტიფიკოსი გახდა. მან საკუთარ თავს ლეო XIV უწოდა. პერუში მრავალწლიანი ეპისკოპოსობის შემდეგ, რომში ის სულ რაღაც ორი წლის წინ დაბრუნდა, რათა ეპისკოპოსთა დიკასტერიას ჩადგომოდა სათავეში.
მისი პირველი გზავნილი მშვიდობის მისალოცია
ახლად არჩეულმა პაპმა წმინდა პეტრეს ბაზილიკის აივნიდან გაკეთებული თავისი პირველი მიმართვის მთავარ თემად მშვიდობა აქცია და განაცხადა: „მინდა, რომ ეს სამშვიდობო მისალმება შევიდეს თქვენს გულებში, მიაღწიოს თქვენს ოჯახებამდე, ყველა ადამიანამდე, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი, ყველა ხალხამდე, ვინც კი დედამიწაზე ცხოვრობს“. ეს სამშვიდობო გზავნილი მისი მმართველობის პირველი წლის ლაიტმოტივი გახდა.
თავის მხრივ, ეს იმის მიზეზი გახდა, რომ დონალდ ტრამპსაც კი დაეწყო თავდასხმები ადამიანზე, რომელიც პონტიფიკოსობის დასაწყისიდანვე „განიარაღებული და განმაიარაღებელი მშვიდობის“ შესახებ თავის ხედვას ქადაგებს. პაპი იბრძვის იმისთვის, რაც ადრე, ქრისტიანული პაციფიზმის სახით, ეკლესიების ყურადღების ცენტრში იყო, დღეს კი იშვიათად ჟღერს.
პაპის სიმშვიდის გამო, პრეზიდენტის პროვოკაციები უშედეგო გამოდგა
მე არ ვარ ლეოს XIV-ის „ფანი“, რომელიც ზედმეტად ლიბერალურია – ჩივის ტრამპი მას შემდეგ, რაც ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის მიერ წარმოებული ომი პაპმა არაერთხელ გააკრიტიკა. ლეო XIV-ის თქმით, ქრისტიანებმა მხოლოდ მშვიდობის ენა იციან და ამის გამო დაცინვისთვის მზად უნდა იყვნენ.
ამ კვირაში ამერიკის პრეზიდენტი კიდევ უფრო შორს წავიდა და თქვა, რომ ლეოსთვის ალბათ მისაღები იქნებოდა, ირანს ბირთვული იარაღი რომ ჰქონოდა. ასეთი კრიტიკა არ მოქმედებს, ან ყოველ შემთხვევაში, აღარ მოქმედებს. ტრამპის ბოლო განცხადებების საპასუხოდ, მან განაცხადა: „თუ სახარების ქადაგების გამო ვინმეს ჩემი გაკრიტიკება სურს, დაე, სიმართლის გზით იაროს“. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ეკლესია წლებია, ბირთვული იარაღის ყველა ფორმის წინააღმდეგ გამოდის.
ტრამპის თავდასხმების მიუხედავად, პაპი და აშშ ერთმანეთს უახლოვდებიან
პაპზე თავდასხმების მიუხედავად, ხუთშაბათს, 7 მაისს, სიტუაციის განმუხტვის ნიშანი მაინც გამოჩნდა – ლეო XIV აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს შეხვდა. აუდიენციის შემდეგ, ვატიკანმა მათ შორის შემდგარ „თბილ საუბარზე“ გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ განახლდა „წმინდა საყდრისა და შეერთებული შტატების ერთობლივი ძალისხმევა, კარგი ორმხრივი ურთიერთობების შესანარჩუნებლად“.
ნებისმიერ შემთხვევაში, პაპი დონალდ ტრამპთან სიტყვიერი ომის გაგრძელების არანაირ ინტერესესს არ იჩენს. მას პირადი ინტერესები არ ამოძრავებს და არც ის სურს, ანტი-ტრამპისტად გამოიყურებოდეს. მას მხოლოდ ომისა და მშვიდობის თემა აინტერესებს.
მშვიდობის ელჩი, რომელიც ფრთხილი რეფორმების კურსს ატარებს
პონტიფიკოსობის პირველ წელს, ლეო XIV ბევრმა ძალიან წყნარ და თავშეკავებულ პერსონად აღიქვა. ყოველ შემთხვევაში, ერთი რამ ნათელი გახდა: ის არის მშვიდობის ელჩი მსოფლიოში, ხოლო ეკლესიის შიგნით თავისი წინამორბედის, ფრანცისკეს ფრთხილი რეფორმების კურსის გაგრძელებას ცდილობს. ამასთან, უფრო დიპლომატიურად მოქმედებს და რეფორმების აფიშირებისკენ არ ისწრაფვის.
როდესაც აფრიკაში მოგზაურობიდან დაბრუნებულ პაპს ჰკითხეს, რას ფიქრობდა იმაზე, რომ მიუნხენისა და ფრაიზინგის არქიეპარქიაში ჰომოსექსუალი წყვილების კურთხევა ოფიციალურად არის შესაძლებელი, მან უპასუხა: „ამჟამად ეს უფრო მეტ განხეთქილებას ქმნის, ვიდრე ერთიანობას“. მართალია, ამით მან გერმანელი ეპისკოპოსების მიდგომისგან დისტანცირება მოახდინა, მაგრამ მაინც დიპლომატიურად მოიქცა და საბოლოო განაჩენი არ გამოუტანია – „დღეს ეს შეუძლებელია“ შეიძლება ასევე ნიშნავდეს, რომ „ხვალ იქნება შესაძლებელი“.
მარქსი: “მთელი კაცობრიობის ხმა”
ამავდროულად, მიუნხენის კარდინალმა, რაინჰარდ მარქსმა პაპი ლეო XIV, მისი არჩევის პირველ წლისთავზე, „მთელი კაცობრიობის ხმად“ მოიხსენია. „დღევანდელ რთულ და არასტაბილურ დროში აშკარად შეიმჩნევა წმინდა პეტრეს მსახურების მიმართ თვალსაჩინო ყურადღება“, – თქვა მარქსმა და ხაზი გაუსვა, რომ პაპი ყოველგვარი ეროვნული და ეკონომიკური ინტერესების გარეშე მოქმედებს.
ლეო XIV, როგორც ჩანს, საეკლესიო რეფორმებს აჭიანურებს, რის შიგნით ერთიანობა შენარჩუნდეს. მსოფლიო პოლიტიკაში ის საკუთარი გზით მიდის და, ამავე დროს, თითოეული ადამიანისგან ერთგულებასა და პასუხისმგებლობას ითხოვს.
https://www.br.de/nachrichten/kultur/ein-jahr-papst-leo-ein-diplomat-auf-dem-petrusstuhl,VIwjpPc
